17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
იყო საუბარი, რომ გარეჯის კომპლექსის სანაცვლოდ მომხდარიყო ალტერნატიული ტერიტორიების შეთავაზება, თუმცა აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდა - ნინო კალანდაძე

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე "დღის კურიერის“ ეთერში, დავით გარეჯის სადაო ტერიტორიებზე, თავისსავე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ნინო კალანდაძემ თქვა, რომ "კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იყო საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა.“

"აქ არის საუბარი 2012 წლის მაისზე, როდესაც მესაზღვრეებმა შეუზღუდეს მომლოცველებს მიმოსვლა და აქ იყო საუბარი იმ პირობით საზღვრებზე, რომელიც ჯერ კიდევ ორჯონიკიძის დროს განისაზღვრა. სამწუხაროდ, არც თუ ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიად. მაგრამ, ვინაიდან, ეს ტერიტორიები იყო სადაო და დღემდე არის სადაო, მოხდა შეთანხმება რომ შეიქმნას კომისია, რომელიც განსაზღვრას საბოლოო ჯამში, სად უნდა გავიდეს ოფიციალური დე იურე საზღვარი, მაგრამ ვიდრე ეს შეთანხმება ძალაში არ შევა, მანამდე გადაადგილება იქნება შეუფერხებელი. ანუ, რეალურად, ეს არის ტერიტორიები, რომელზეც სახელმწიფოთა შორის არსებობს შეთანხმება, რომ ეს არის სადაო ტერიტორიები,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კითხვაზე - იყო თუ არა საუბარი აზერბაიჯანულ მხარესთან ტერიტორიების გაცვლაზე, პოლიტიკურ ფონდ ”ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი ამბობს, რომ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გარეჯის კომპლექსის სანაცვლოდ მომხდარიყო შეთავაზება ალტერნატიული ტერიტორიების, თუმცა ამას აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდა. 

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საუბარი 96 წლიდან მოყოლებული იყო იმაზე, რომ  კომპლექსის უწყვეტობა რომ არ დარღვეულიყო, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ შეუძლებელია 24 მონასტრიდან 20 იყოს ქართული კულტურის ძეგლი და დანარჩენს მიაკუთვნო რაიმე ფორმით ალბანური წარმომავლობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო საუბარი იმაზე, რომ ამ, დაახლოებით, 70 კილომეტრიანი  მონაკვეთიდან, გარეჯის კომპლექსის და მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ, მომხდარიყო შეთავაზება ალტერნატიული ტერიტორიების. ამაზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო საუბარი. ეს შეთანხმება არ შედგა. ბევრი გარემოება არსებობს, პირველი, იმიტომ რომ აზერბაიჯანს რამდენიმე ინტერესი გააჩნია კონკრეტულად დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებით. პირველი, სტრატეგიული სიმაღლე, მეორე იმიტომ, რომ ეს ყოველთვის შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი, რომელსაც ის სავაჭროდ იყენებს დიპლომატიურ ურთიერთობებში და ბევრი სხვა გარემოება,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.  

დღის ამბები