17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ქვეყანაში არის თვითცენზურა და შიშის სინდრომია დანერგილი - ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა ხმების დაცვის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ოლქში მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. 

მისივე თქმით, პარლამენტში პატარა პარტიებს მაინც მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და კარგია, თუ მსგავსი პრაქტიკა აქედანვე დაინერგება. 

"დღევანდელი ჩვენი შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო ორი გაგებით: პირველი - ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა ამომრჩეველს საშუალება თავისუფლად გამოხატოს ნება. ვიცით რა ვითარებაა ქვეყანაში. მე ყოველდღიურად ვაწყდები სიტუაციებს, რომ ადამიანები გვიყურებენ ფანჯრიდან. ვატარებ შეხვედრას მოსახლეობასთან და ვხედავ, რომ არის შეკრებილი რაოდენობა ადამიანების, დაახლოებით 20 ადამიანი გვიყურებს ფანჯრიდან. მათ აინტერესებთ რა ხდება, მაგრამ არ უნდათ, რომ დაფიქსირდნენ შეხვედრაზე. არის თვითცენზურა, გარკვეული შიშის სინდრომია დანერგილი ქვეყანაში.

რამდენიმე თავდასხმა ვნახეთ და ჩვენს მიმართაც იყო. ეს იყო ჯგუფური, სიტყვიერი თავდასხმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბიჭ-ბუჭების მხრიდან. ეს მოხდა 14 აგვისტოს, რომელიც მე განვაცხადე. გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგი არ დაუდია, ისევე, როგორც არ დაუდია ბევრ სხვა შემთხვევაში. მიდის ამომრჩეველთან ჩუმი ფორმატით მუშაობა და ამას სჭირდება გამოხმაურება ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენ ვითანამშრომლებთ, რომ დავიცავთ მათ ნებას. იყო ასეთი შეთანხმება, მაგრამ ოლქში ასეთი შეთანხმება პირველია. ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში ასეთ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

ყველა პარტია, რომელიც შეიყვანს ორ ან სამ ადამიანს პარლამენტში, ვერ შექმნის ფრაქციას. მათ მოუწევთ თანამშრომლობა, მეც მომიწევს და ამის დანერგვა ახლავე ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ანა დოლიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები