კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი დანიშნა. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო გახდა საჭირო.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.
კომისიამ "კავკასუს ონლაინს" კანონის აღსრულების მოთხოვნა, ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.
"კავკასუს ონლაინში" სპეციალურ მმართველად "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს "კავკასუს ონლაინის" დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. ასევე, შეუძლია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში "კავკასუს ონლაინის" ქმედება.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ კომისიამ არ გამოიყენა კომპანიის საქმიანობის შეჩერების უფლება, რათა მომსახურების თვალსაზრისით, პრობლემა არ შექმნოდა 2 მილიონზე მეტ აბონენტს.