პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების ქმედებებმა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაართულა. ამასთან ივანიშვილის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას არანაირი თანაგრძნობა და სოლიდარობა არ ჰქონდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
"გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,
დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა, და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის - როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.
ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება და ადვოკატის გაუქმებული პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.