17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ანალიტიკოსების შეფასებით, განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეალურია თუმცა ამისთვის საქართველოს მომზადება მოუწევს

​"ქართული ოცნების" განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ანალიტიკოსები აფასებენ. სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ განაცხადი უნდა გაკეთდეს და ამავდროულად, მოხარულები არიან იმის გამო, რომ ამ თემას ტაბუ აეხსნა და უკვე, როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პოლიტიკური გუნდებიც ამაზე თამამად საუბრობენ. 

"იმისათვის, რომ განაცხადის გაკეთება შედეგიანი იყოს და მან ჩვენთვის სასურველი მდგომარეობა მოიტანოს, აუცილებელია ჩვენ ეს 4 წელი ინტენსიური მომზადებისთვის გამოვიყენოთ. უნდა მოვემზადოთ ზუსტად ისე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ემზადებოდნენ ევროკავშირში გაწევრიანების წინ, რაც მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია," - აცხადებს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს ინიციატივა, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც არის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს პერსპექტივაში შესაძლებელია, თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ საქართველოს ხანგრძლივი მუშაობა მოუწევს, მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 

"ახლა კარგი დრო არის შერჩეული ამისთვის, რადგან ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენთან არის და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, ვფიქრობ, ეს არის ის დრო, როდესაც შეუძლიათ მათ დაფიქრდნენ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამიტომ, სწორედ ეს მგონია მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ თემებზე დაიწყეს საუბარი და ზოგიერთმა ეს საკითხი თავის საარჩევნო პროგრამაშიც კი ჩადო," - აღნიშნავს "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

დღის ამბები