"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აფხაზებთან მუდმივად უნდა ხდებოდეს ურთიერთობების გააქტიურება და ახალ ეტაპებზე გადაყვანა.
"ოკუპანტების მიერ ირაკლი ბებუას დაკავება არაფრით განსხვავდება, სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებისგან.
მხოლოდ გატაცებების დროს და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხაზებით არ უნდა ხდებოდეს აფხაზებთან მუშაობა. მუდმივად უნდა ხდებოდეს ურთიერთობების ჰააქტიურება და ახალ ეტაპებზე გადაყვანა. არ არის საკმარისი ის, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნდა ხდებოდეს ამ შემთხვევების დროს.
აფხაზეთი მართლაც ოკუპირებულია და ამაში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ოკუპაცია იქ, რეალურ, პრაქტიკულ ყოფიერებაშიც გამოიხატება. მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში, თვითონ ეთნიკურ აფხაზებსაც აქვთ უფლებები შეზღუდული. აფხაზებს, აფხაზეთში არ უნდათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა. დღეს აფხაზები, როგორც არასდროს, იმყოფებიან გაზრდილი ულტიმატუმებისა და წნეხის ქვეშ, მათ შორის, პირდაპირ პუტინის მიერ. მთავარია, აფხაზებს ის სენტიმენტები გავუძლიეროთ, რომ პირველ რიგში არ გაძლიერდეს აფხაზეთში ანექსიური პროცესები. თორემ, თუკი ერთ დღეს აფხაზეთს რუსეთი შეიერთებს, შემდეგ გაცილებით გაძნელდება შერიგებაზე საუბარი. იმ დოზით, რა დოზითაც აფხაზებს გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ აფხაზეთში, ისინი ყველაფერს გაითვალისწინებენ იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს რაღაც ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საბოლოოდ გაათავისუფლებენ ჩვენს მოქალაქეს,"- განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.