პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძემ "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები შეაფასა. "ქართული ოცნების" სიას მან ჭაობი, უკუსვლა და ნეგატივი უწოდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობის" სიაზე აღნიშნა, რომ სია შედგენილია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის ხმის მისაცემად.
ოთარ კახიძემ "ევროპული საქართველოს" პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გადასაჭრელი საკითხები გადასახადების შემცირება, დამოუკიდბელი სასამართლო და არაეფექტური სამთავრობო ხარჯების შემცირება იქნება.
""ქართული ოცნების" სია ეს არის სრული კატასტროფა, მარტო ხუთეულიც საკმარისია, სრულიად ოდიოზური ფიგურები, რომლებმაც მხოლოდ პატრონის მლიქვნელობით და სიძულვილის ნთხევით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას, მხედველობაში მყავს ქალბატონი წულუკიანი და ბატონი ღარიბაშვილი, ასევე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი - გახარია, რომელიც თავს იწონება კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით, სინამდვილეში კი ეკონომიკა გაანადგურა და თან ვირუსის შეკავებაც ცხადია ვერ შეძლო და ფიგურები, რომლებიც ივანიშვილის ხოტბაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" სიას, ეს სია სიმბოლური სხვა კუთხით არის იმიტომ, რომ გვხვდებიან ისეთი ეგზოტიკური ფიგურები, როგორებიც არიან მაგალითად გუბაზ სანიკიძე, მურმან დუმბაძე და ახალი განქოცებული დეპუტატები ბატონი ოქრიაშვილი და სხვები.
"ევროპული საქართველოს" სიის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენს გუნდს აქვს ცოდნაც, გამოცდილებაც, კომპეტენციაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანოს ქვეყანას. ხალხი ცვლილებებს ითხოვს, ხალხს უნდა არა საკონცერტო ნომრები, ან სპორტული სანახაობა პარლამენტში, არამედ ფუნდამენტური ცვლილებები, რომ სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა, გაუფასურებული ლარი, შემცირებული ინვესტიციები, პირდაპირ რაც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე - ამ საკითხებს უნდა მიხედოს და ამას სიმღერით და ცეკვით ვერ მიაღწევ, ამას სჭირდება კომპეტენტური გუნდი, სწორი კომპასი, მიმართულების განსაზღვრა, რაც ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს.
"ოცნების" სია არის ჭაობი, სიძულვილი, უკუსვლა და ნეგატივი, რომელიც ამ 8 წლის მანძილზე დაგროვდა ამის სიმბოლო, "ნაც მოძრაობის" სია შედგენილია ერთი ნიშნით, რომ ხმა მისცენ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ერთპიროვნულ მმართველად დაბრუნდება.
მთავარი საკითხი ეს არის გადასახადების შემცირება და დამოუკიდებელი სასამართლო იმისთვის, რომ მოვიზიდოთ აქ ინვესტიციები. მეორე - არაეფექტური სამთავრობო ხარჯების შემცირება, რომ ნაკლები ხარჯები წავიდეს ბიუროკრატიის ჯიბეში და მეტი დარჩეს ხალხს, ანუ ამ შემთხვევაში სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობა და პენსია - ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება," - განაცხადა ოთარ კახიძემ.