17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
2009 და 2020 წლის აქციები ორი სხვადასხვა შემთხვევაა, არ შეიძლება ძალით პარლამენტის შენობაში შევარდნა - ზვიად ძიძიგური

რითი განსხვავდებოდა 2009 წლის 6 მაისის აქციის მონაწილეების მოქმედებები 2020 წლის 20 ივნისის მოვლენებისგან - "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ 2020 წლის აქციისგან განსხვავებით, 2009 წელს აქციის მონაწილეებს ძალადობისთვის არ მიუმართავს.

მისივე თქმით, 2009 წელს აქციის მონაწილეებმა შენობების პიკეტირება მოაწყვეს, ხოლო 2020 წელს აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმს აწყობდნენ.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთს ვერ დაუკავშირებს და ვერც პარალელს გაავლებს.

"არ ვთვლი, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ვუჩიოდით სააკაშვილის ხელისუფლებას, ვიყავით მშვიდობიანი დემონსტრანტები.

2009 წლის მოვლენები ეს იყო, თუ გახსოვთ თქვენ 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები, რომელიც ოპოზიციამ გამართა და რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პიკეტირებული კანცელარია, პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე და ა.შ., მაგრამ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, არსად ჩვენ ძალადობა არ გამოგვიყენებია, არსად ძალით შევარდნა არ ყოფილა. ღობეზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე არ იყო, ეს იყო გია გაჩეჩილაძე, ერთი კაცი გადაძვრა ღობეზე სიმბოლურად, არავითარი ძალადობა იქ არ იყო, იყო კანონდარღვევა და დადეს სასიკვდილოდ ისე სცემეს.

რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, აქციაზე იყვნენ გულანთებული, საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეები, მაგრამ იყო ჯგუფი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ შტურმს აკეთებდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაზე და მე ვარ მაგ შტურმის მომსწრე. ორი სხვადასხვა შემთხვევაა. მე ამ ერთ შემთხვევას და მეორე შემთხვევას ერთმანეთს ვერ დავუკავშირებ.

არ შეიძლება ძალით პარლამენტის შენობაში შევარდნა, ამას ვამბობ ყველგან, სადაც ძალადობით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა იქნება ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები