მარნეულში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. მმართველი პარტიის წევრები 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების დაკავებასაც ეხმაურება. საუბარია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ გიორგი შუბითიძეზე, ასევე, მეორე დაკავებული გიგა ჯალაღონიაა, რომელსაც გამოძიება ასევე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ედავება.
მამუკა მდინარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციაზე წამოგებისგან.
"ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ბოლო პროვოკაციაზეც, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტები და შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად მოჰყვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კონკრეტული პირების. სწორედ ამას ვამბობდით. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, ამის გამოც მათ შორის, მოვუწოდეთ ჩვენ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციაზე აყოლისგან. გარდა იმისა, რომ ეს ზოგადად, პროცესს აზიანებს და ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს, ამას შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალადობას არაფერი ამართლებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.