დაპირისპირება პოლიციასთან და რამდენიმე დაკავებული მერიასთან გამართულ აქციაზე - ადგილზე შეკრებილები იყვნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და მხარდამჭერები.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
"დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ ვითხოვთ ჯარიმების მოხსნას და სიმბოლურად ვუწესებთ ჯარიმას ბატონ კახი კალაძეს, რომელიც იცავს საბანკო მონოპოლიას და უნდა, 36%-იანი სესხიდან, რომელსაც პენსიონერები იხდიან, კიდევ წაუვიდეთ წილი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის მერიასთან აქციაზე, პოლიციასთან შელაპარაკების გამო, 4 ადამიანი დააკავეს.
მერიათან აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.
შეკრებილები ითხოვდნენ მერიის შენობაში შესვლას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძეც.