ზრუნვა ქალაქის გამწვანებაზე თუ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია- არჩევნებისთვის უთანასწორო ბრძოლაზე პოლიტიკური პარტიები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თბილისის მერიას "ქართუ ჯგუფმა" ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ცენტრალური პარკისთვის უსასყიდლოდ გადასცა.
ჯერ არც პროექტის კონკრეტული დეტალებია ცნობილი და არც ზუსტი რიცხვი, რა თანხა დაიხარჯება სამუშაოებისთვის- თუმცა ამ ყველაფრის გარკვევამდე ხელისუფლებას მოწინააღმდეგეები პიარსვლას უწუნებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების დაპირებების უკვე აღარავის სჯერა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მორიგი საარჩევნო ტრიუკი ჩაატარა.
"ეს არის მორიგი წინასაარჩევნო, იაფი ტრიუკი ბიძინა ივანიშვილის, მათ ძალიან უჭირთ ხმები და გადაწყვიტეს ამ მიმართულებით რამე გაეკეთებინათ. თუმცა, ამ ჩუქების და ხალხისთვის მიწების უკან დაბრუნების პროცესი 31 ოქტომბრის შემდეგ გაგრძელდება და ზუსტად ასევე დაბრუნდება პუშკინის მიწა, რომელიც 1 ლარად წაიღო, თაბორის მთა, რომელიც 1 ლარად წაიღო, ლაგუნა ვერეს აუზი, რომელიც ასევე წაიღო და ყველა ის 1 ლარად წაღებული მიწა, რომელიც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ტყეპარკის ჩუქება ბიძინა ივანიშვილის მორიგი საარჩევნო ფარსია.
"მორიგი ძალიან ადვილად გამოსაცნობი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ. ამ გადაცემით, ივანიშვილმა, რეალურად ნახა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც ივანიშვილმა მის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან ფონდი „ქართუს“ მეშვეობით 60 მილიონ ლარად გამოისყიდა ეს ტერიტორია. ანუ მან ფონდ „ქართუში“ ოფშორული კომპანიებისგან შემოწირული 60 მლნ ლარი გადაიტანა თავისი 1 ჯიბიდან მეორე ჯიბეში და დღეს გაირკვა, თუ რატომ გააკეთა ეს. ამის ნაცვლად, მან აიღო ოფშორული კომპანიებიდან ჩამორიცხული 60 მლნ ლარი, გადაიტანა შპს-ში. მაშინვე დავსვით შეკითხვები, ხომ არ იყო ეს ფულის გათეთრება,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
არჩევნებისთვის უთანასწორო ბრძოლაზე პოლიტიკური პარტიები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თბილისის მერიას "ქართუ ჯგუფმა" ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ცენტრალური პარკისთვის უსასყიდლოდ გადასცა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იპოდრომის გაჩუქებით არაფერი დაუკარგავს.
"არაფერი დაუკარგავს ამ იაფად ნაყიდი იპოდრომის პატრონს. მან თავისი ამოსაღები ამოიღო, დაქუცმაცებულად ამ მიწების გაყიდვით. რაც შეეხება თავად იპოდრომს, ჩვენი პარტიის მოთხოვნაც იყო, საზოგადოების მოთხოვნაც იყო, წინასაარჩევნოდ, როდესაც ქალაქის მერის არჩევნები იყო, ყველა მოითხოვდა, რომ არავის გაებედა იქ კორპუსების ჩადგმა და ის გადაქცეულიყო ქალაქის ცენტრალურ პარკად. რა თქმა უნდა, ეს არის მისი მორიგი მოსყიდვის ნაბიჯი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფო ჩუქება და ამომრჩევლის მოსყიდვაში არ ითვლება.
"თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, არჩევნების წინ პიარსვლად შეაფასოს ეს მოქმედება, მე მეგულება „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი პარტნიორი და წევრი, რომლებსაც, მათ შორის, ტყეპარკებში აქვთ ჰექტრობით ტერიტორია და გააკეთონ ასეთი პიარსვლა, აჩუქონ ქალაქს და ამომრჩევლის მოსყიდვაში არც ჩვენ გვეთვლება და არც მათ ჩავუთვლით, რადგან ეს არის სახელმწიფოსთვის ჩუქება და არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.