თბილისის მერია "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყება აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, "სტატეგია აღმაშენებელმა" თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
"სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ დაჯარიმდა 1 000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას.
სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აქციაზე, პოლიციასთან შელაპარაკების გამო 4 ადამიანი დააკავეს.
მერიათან აქციაზე, გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.
შეკრებილები ითხოვდნენ მერიის შენობაში შესვლას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძეც.