რამდენად აქვს საკმარისი რესურსი და გავლენა საქართველოს იმისთვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა - აღნიშნულ საკითხზე "დღის კურიერის" ეთერში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს.
როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რუსეთისთვის ყოვლად მიუღებელი იქნება სამშვიდობო ღონისძიება მისთვის მიუღებელი ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში ჩატარდეს.
"კეთილი სურვილია ნამდვილად, მისასალმებელიც კია, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ჩვენი შიდა პოლიტიკური ნაწილია, ვიდრე საგარეო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს როგორც ხელისუფლებას, ისე დიპლომატიურ კორპუსს კარგად ესმით, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ერთადერთი მიზეზის გამო - რუსეთი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რუსეთი წამყვანი ფიგურაა ამ კონფლიქტში და მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იქნება მისთვის მიუღებელ სახელმწიფოს დედაქალაქში - თბილისში ჩატარდეს ამ ტიპის სამშვიდობო ღონისძიება, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგი თბილისი ყოფილიყო ნეიტრალური ქალაქი, ნამდვილად, ეს შეესაბამებოდა კონცეფციას, რათა რეგიონშივე ყოფილიყო მოძებნილი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მოლაპარაკების წარმოება," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში წამყვანი ფიგურა რუსეთია და სწორედ რუსეთი დგას აღნიშნული პრობლემის წინაშე - დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ არ დაკარგოს სომხეთის ნდობა და ამავდროულად, აზერბაიჯანის.
"სამწუხაროდ და საუბედუროდ, როგორც ჩანს, ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მე არ ვგულისხმობ ამ ეპიზოდს, ეს ჩაქრება რაღაც ფორმით, მაგრამ მოუგვარებლობა კიდევ დიდხანს იქნება, ამიტომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება თუ ჩვენ დღეს სწორ ადგილს ავირჩევთ და სწორად ვიმოქმედებთ, მომავალში ეს გამოგვადგება.
ალბათ ახლა სწორედ მოლაპარაკება მიდის ანკარასა და მოსკოვს შორის, როგორ შეიძლება ისე გააჩერონ ეს კონფლიქტი, რომ აზერბაიჯანს რაღაცა დარჩეს და სომხეთი ძალიან განაწყენებული არ იყოს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთს როგორმე უნდა, რომ არ დაკარგოს ნდობა სომხეთში და ამავე დროს ძალიან არ დაკარგოს აზერბაიჯანი. ორივეზე მუშაობს და ორივეზე აგებს," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.