მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.
სპეციალური ვიდეომიმართვით მესამე პრეზიდენტი დავით გარეჯის სადავო მონაკვეთზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება.
სააკაშვილისთვის მიუღებელია ის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც თითქოს მისი პრეზიდენტობის დროს ტერიტორია გაიყიდა.
"საქართველოს მთავრობამ გამოაგდო თითიდან გამოწოვილი თემა, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ გავყიდეთ დავით გარეჯი, მივეცით აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელებმა ამაში გადაგვიხადეს ფული. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს და ბოლოს, ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს შეთანხმებასთან. ჩვენმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რამდენი რაღაცა აქვს ჩემს მთავრობას მათთვის გაკეთებული. ამათ გაკეთებული არაფერი აქვთ, არევაში არიან მსოფლიო ჩემპიონები,"- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.