"ლეიბორისტების" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში მის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს შორის საპატრიარქოს დასახელებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საპატრიარქო თავის ფუნქციას არ ასრულებს, ფულის კეთებაზეა გადასული და ყოველი მეორე მეუფე მილიონერია. შალვა ნათელაშვილს წლების წინანდელი პოზიციაც შეახსენეს, როცა ის საპატრიარქოს დაცვაზე საუბრობდა:
"განვითარებადია ყველაფერი, სამყაროშიც, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ურთიერთობაშიც. იყო პერიოდი როცა საპატრიარქოს სჭირდებოდა დაცვა, რადგანაც შემოესია უცხოეთიდან მიღებული გრანტებით უამრავი სექტა, უამრავი თვითგამოცხადებული წინასწარმეტყველი და ფაქტიურად უნდოდათ ამ ინსტიტუტის მოშლა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ასეთი პოლიტიკური ჯგუფები განეიტრალებულიყო, ეს ვალდებულება იყო პოლიტიკის გარეშეც. მერე დაიწყო საპატრიარქოს გაჯიპიანება, გაფულიანება, გაბიზნესმენება, ყოველი მეორე მეფე მილიონერია, ყოველ მეუფეს შვილები გაგზავნილი ჰყავს ოქსფორდში და კემბრიჯში. ვანის მეუფის საკუთრებაა ბაზრები და მეწილეები აუჯანყდნენ. პატრიარქმა თავისი ისტორიული მოვალეობა შეასრულა და ნუ მოვთხოვთ შეუძლებელს, ჩვენ თვითონ უნდა ამოვიღოთ ხმა, თვითონ საპატრიარქოში უნდა წავიდეს რეფორმა. როდესაც მთელი იაპონური ავტომრეწველობის ჯიპები მოდის მთავრობასა და მეუფეებზე და მრევლის წევრები ნაგვის ურნაში იქექებიან, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აქ ღმერთზე საუბარი აღარ შეიძლება," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, კონკორდატის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა აცხადებს, რომ კონკორდატის გაფორმება თავიდანვე არასწორი იყო, რადგან საქართველოს სახელმწიფოს არ მიუყენებია ზარალი ეკლესიისთვის, თუმცა კომპენსაციას რუსეთის იმპერიის ნაცვლად საქართველო იხდის. "ლეიბორისტების" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში საპატრიარქოს პრესმდივანს მძიმე დანაშაულში დასდო ბრალი:
"ეს ქართულ სახელმწიფოს არ გაუკეთებია ეკლესიისთვის, რუსულმა იმპერიამ გააკეთა. სწორი მოდელი არის ის, რომ ღვთისმსახური ემსახურებოდეს ღმერთს ხალხს, ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით, არ იყოს ყანდური. დაფინანსება როგორ შეიძლება დავამადლოთ ჩვენს დედა ეკლესიას, მაგრამ ის უნდა იყოს რეგლამენტირებული. უნდა წავიდეს ძირითადად რეგიონალურ მღვდლებზე, იმათ არაფერი არ აქვთ, აქ საპატრიარქოში შეიქმნა პარტიის ცენტრალური კომიტეტი, მდივნები იდეოლოგიის დარგში, ჯაღმაიძე რომ გამოდის გრძელი ენით, იძებნებოდა კაცის კვლაზე ეგ პიროვნება, რა უნდა ამ ხალხს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.