17 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" იმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ყალიბდება" 

"მიმომხილველთა პროგნოზით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ყალიბდება" -  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ექსპერტთა გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს შორის რიგით მე-13 გამოკითხვა 14-20 სექტემბერს ჩაატარა. საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა 50-მა ქართველმა და საერთაშორისო პოლიტიკურმა მიმომხილველმა. ჯამური შედეგების თანახმად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები პროგნოზირებენ ქართული ოცნების დამაჯერებელ გამარჯვებას და უფრო მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ექსპერტები თვლიან, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს, მიუხედავად COVID-19 შემთხვევების მკვეთრი ზრდისა.

რესპონდენტების შესახებ

ქვევით მოტანილი მონაცემები ასახავს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ შეფასებას. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის რესპონდენტები წარმოადგენენ პოლიტიკურ მიმომხილველებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და ექსპერტებს, რომელთა სპეციალიზაცია მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში.

50 გამოკითხულ ექსპერტს შორის 27 უცხოელია და 23 - ქართველი. ჯამური მოლოდინების ეგრეთწოდებული დერეფნის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია ექსპერტთა 75%-ის მოლოდინები და არ არის გათვალისწინებული განსხვავებული მოლოდინები: 12.5-12.5% უკიდურესად განსხვავებული მოსაზრებების თითოეული ჯგუფის შემთხვევაში. წინა არჩევნების დროს ეს მიდგომა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა საბოლოო შედეგების პროგნოზირების თვალსაზრისით.

COVID-19 და არჩევნები

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს დაუსვა კითხვა მომავალ არჩევნებზე COVID-19 პანდემიის გავლენის შესახებ. კერძოდ, დასმული იყო კითხვები არჩევნების დემოკრატიულობის უზრუნველყოფის გზების შესახებ, COVID-19 პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობის გათვალისწინებით. ექპერტებმა ახსენეს რიგი მეთოდები საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად: მაგალითად, „ვიდეომონიტორინგი“, „რეალურ დროში დათვლა“, „სამოქალაქო მონიტორინგის ინოვაციური ინსტრუმენტები (სმარტფონის აპლიკაციების მეშვეობით)“, „მეტი მედია საარჩევნო უბნებზე“ და „არჩევნების გაყალბების სტატისტიკური მოდელირება“. რამდენიმე ექსპერტმა აღნიშნა ადგილობრივი watchdog: საზოგადოებრივი მეთვალყურეების მნიშვნელობა, რომლებიც ძალიან აქტიურნი უნდა იყვნენ, რათა მოხდეს  საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობის უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია. ზოგიერთმა რესპონდენტმა დაუშვა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ არჩევნებზე მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად „სანდო ადგილობრივი მონიტორების“ დაქირავების ან „უცხოელი რეზიდენტების ჩართვის“ შესაძლებლობა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს დაუსვა კითხვა არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

რესპონდენტების 63%-ის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს დანიშნულ დღეს, COVID-19 გავრცელების ზრდის შემთხვევაშიც კი. მხოლოდ 37%-მა დაუჭირა მხარი არჩევნების გადავადების იდეას რამდენიმე თვით. გარდა ამისა, როგორც ქართველი (70%), ისე საერთაშორისო (58%) ექსპერტები თვლიან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დანიშნულ დღეს. წინა გამოკითხვაში (აპრილი/მაისი) უცხოელი ექსპერტები უფრო მეტად იხრებოდნენ არჩევნების გადავადების იდეისკენ.

ვინ შეიძლება გაიმარჯვოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?

ჩვენ ექსპერტებს დავუსვით კითხვა არჩევნებში პოლიტიკური პარტიების შანსების შესახებ და შევაჯამეთ შედეგები „მოლოდინების დერეფნის“ ფორმით.

გამოკითხულ ექსპერტთა აზრით (დიაგრამა 1), ქართული ოცნების მმართველი პარტია არჩევნების პროპორციულ ნაწილში მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას (39-53%), რაც უდრის დაახლოებით 80 მანდატს დღეის მდგომარეობით. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. 2016 წლის არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ქართულმა ოცნებამ, სხვა პარტიებთან მიმართებაში, გაიმყარა ლიდერის პოზიცია, თუმცა ჯერ გაურკვეველია, იქნება თუ არა ეს საკმარისი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნის გარეშე.

ოპოზიციურ პარტიებს შორის, ექსპერტთა მოლოდინით, ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს ნაციონალური მოძრაობა (16-25%; დიაგრამა 1), პატრიოტთა ალიანსი - 3-8%-ს და ლელო - 3-6%-ს. მიუხედავად ამისა, თავად ექსპერტებმა აღნიშნეს სექტემბრის შუა რიცხვებში შედეგების პროგნოზირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გაურკვევლობა.

20%-ზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება (5-დან 5) საკუთარი პროგნოზის სისწორეში, ხოლო დარწმუნებულობის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ 3.3 5-დან. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ამომრჩეველი ჯერ ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში, აგვისტოს გამოკითხვის თანახმად, არჩევნების შედეგები (განსაკუთრებით მცირე პარტიების შემთხვევაში) შეიძლება დარჩეს „მოლოდინების დერეფნის“ გარეთ. წინა გამოკითხვებში არჩევნების წინ მომხდარ მოვლენებს (მაგალითად, პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი) მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. COVID-19 შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს 2020 წლის არჩევნების შედეგებზე.

დაბოლოს, ჩვენ ასევე დავუსვით ექსპერტებს კითხვა მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა გამოთქვეს თითქმის იდენტური ვარაუდები: შესაბამისად, 59.43% და 57.72%.

გამოკითხვის შედეგები: „მოლოდინების დერეფანი“

ქართული ოცნება: 39-53%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 16-25%

ევროპული საქართველო: 6-11%

პატრიოტთა ალიანსი: 3-8%

ლელო: 3-6%.

უფრო მცირე პარტიების ჯამური შედეგებია: გიორგი ვაშაძე/სტრატეგია აღმაშენებელი - შესაძლო 5%; ლეიბორისტული პარტია - 4%; „გირჩი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თითოეულს მაქსიმუმ 3%.

რჩევები და რეკომენდაციები

გამოკითხვის მე-2 ნაწილში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა რესპონდენტებს დაუსვა რამდენიმე ღია კითხვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან და ოპოზიციური თუ მმართველი პარტიების მიერ თავიანთ წინასაარჩევნო სტრატეგიებში შესაძლო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ისმოდა რეკომენდაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილს. ისინი ასევე ურჩევენ ოპოზიციურ პარტიებს, გაერთიანდნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ, რადგან „ერთიანობის ნაკლებობა“ მათ, დიდი ალბათობით, წაგებული არჩევნების ფასად დაუჯდებათ. ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაკლებად უნდა გაამახვილონ ყურადღება ხმამაღალ დაპირებებსა და ბრალდებებზე და უფრო მეტად გაუსვან ხაზი ამომრჩეველთათვის გასაგებად, დეტალურად ახსნილ კონკრეტულ სტრატეგიებს“. ოპოზიციური პარტიების მხრიდან „საქართველოს მხსნელების“ როლში აბსტრაქტული პოზიციონირება და უფრო დამაჯერებელი ალტერნატიული სტრატეგიების ნაკლებობა, რასაც ერთვის „ათწლეულების განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლისგან გადაღლა“, არ იძლევა „ელექტორატის მხრიდან ცვლილებების დიდი სურვილის“ საფუძველს.

მმართველ პარტიას ურჩევენ, „მიიღოს მონაწილეობა ყველა სატელევიზიო დებატში, სადაც კი მას მიიწვევენ“. „COVID-19-ზე კონტროლის შენარჩუნება“ და „ბოლო წამს შეცდომებისგან თავის არიდება“ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქართული ოცნებისთვის პანდემიის მართვაში მიღწეული წარმატების თავის სასარგებლოდ გამოყენების მხრივ. COVID-19-თან დაკავშირებულმა ნეგატიურმა მოვლენებმა (განსაკუთრებით „COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა“) უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს არჩევნებში ქართული ოცნების წარმატებაზე.

დაბოლოს, ყველა პარტიის მისამართით გაჟღერდა რეკომენდაცია, ითამაშონ დემოკრატული თამაშის წესებით: „გააუმჯობესონ კომუნიკაციის ხარისხი“, „თავი შეიკავონ ოპონენტთა დისკრედიტაციისგან“, გააუმჯობესონ პოლიტიკური დებატების ხარისხი“, „უარი თქვან პოპულისტურ დაპირებებზე“, „განამტკიცონ შიდაპარტიული დემოკრატია“ და „არჩევნებს შორის ითანამშრომლონ მოქალაქეებთან პოლიტიკურ პროგრამებზე“. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია „COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები წინასაარჩევნო კამპანიის დროს“ და „არჩევნების დღეს თითოეულ უბანზე“.

ზოგიერთი რესპონდენტის თანახმად, არჩევნების დღეს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესია „ონლაინ ხმის მიცემის“ შემოღება. პოტენციურად პოზიტიურ ნოტაზე, რესპონდენტების მოლოდინით, შემდეგი მოწვევის პარლამენტი იქნება „უფრო პლურალისტური“, რაც გაზრდის „კოალიციური მთავრობის“ ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

დღის ამბები