17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ანაკლიაში პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი ქარის შემდეგ პორტის ტერიტორიიდან ქვიშის მასის გავრცელების გამო რთული მდგომარეობაა. როგორც უგულავამ განაცხადა, პრობლემის მოგვარებას საკონსერვაციო თანხა სჭირდება, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოყოს. უგულავა ასევე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა რუსეთის მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პროექტი.

"დღეს აქ პირბადის მნიშვნელობა კოვიდით არ არის განპირობებული, აქ, ანაკლიაში, პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა. საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილმა რუსების მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რითაც არამხოლოდ ეკონომიკა გააჩერა, არამედ ადგილობრივების ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე.

ივანიშვილმა პრაქტიკულად ეს ქალაქი აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი, ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს და პორტი აქ უნდა აშენდეს, რაც იქნება აქაურობის ეკონომიკური გაჯანსაღების, ახალი სამუშაო ადგილებისა და უამრავი ახალი პერსპექტივის გაჩენის შესაძლებლობა არამარტო ანაკლიისა და ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად სამეგრელოს რეგიონისათვის. გამოსავალი აქ ერთადერთია, დანარჩენი, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ამას მარტო ვერ მოერევა, ამას სჭირდება დიდი საკონსერვაციო თანხა, რომელსაც ხელისუფლება არ გამოყოფს და ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანაკლიაში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც სეზონი ჩაუვარდათ, ისედაც ვალებში გადავარდნენ, ისედაც ტურისტები აღარ ჰყავთ, ისედაც დაცარიელებულია და ამ ყველაფერს ემატება ეს უბედურება, რომელიც ცოცხლად მარხავს ამხელა განვითარებას და პერსპექტივას. ეს არის რუსეთის მაამებლობისა და მავნებლობის შედეგი ივანიშვილის მხრიდან.

კონსერვაცია, ეს იქნება მოკლევადიანი და საკმაოდ ძვირი გამოსავალი, ხოლო მთავარი გამოსავალი იქნება აქ პორტის მშენებლობის განახლება და მისი აშენება. ამ ცვლილებას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ცვლილება, რათა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის „ოცნება“, რომელმაც ჩააგდო ეს პორტი და ასეთ დღეში დატოვა მოსახლეობა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები