ოპოზიციას, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების საკუთარი სცენარი აქვს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არაინ, რომ პროკურატურა, რომელიც მათივე შეფასებით "ქართული ოცნების" დაკვეთებს ასრულებს, შეეცდება, ბრალდებულებისგან მოიპოვოს ჩვენება ყოფილი ხელისუფლების წევრთა წინააღმდეგ.
ოპოზიციას მხოლოდ ერთ ვერსიაზე მიანიშნებს გამოძიების გააქტიურება - იმ პრობლემაზე, რომელიც წლებია, უკვე დღის წესრიგში დგას.
"ამ პროცესში, როდესაც დღეს აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობაში იმყოფება, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ აზერბაიჯანს წინა ხელისუფლების დროს რაღაც ტერიტორიები გადაეცა - გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს. დღეს, ხელისუფლების რეალური ამოცანაა, რომ დაკავებულმა ადამიანებმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩვენება მისცენ და გარდაცვალების ფაზაში მყოფი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს მოგონილი ზღაპრებით," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
გიორგი ვაშაძე კი, ამ საკითხს ხელისუფლების მიერ დადგმულ შოუს უწოდებს.
"მოიგონეს, დადგეს შოუ და უნდათ, ყველამ იმ აბსურდზე ვისაუბროთ, რაც დღეს ხდება. მე მათ საზოგადოებრივი კომისიის შექმნა მოვთხოვე, ამას კი თავს არიდებენ," - აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი, "ქართულ ოცნებას" იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ ეს ყველაფერი არჩევნებამდე 25 დღით ადრე და სომხეთ აზერბაიჯანის-კონფლიქტის დროს გაახსენდათ.
"8 წელი რას აკეთებდა "ქართული ოცნება", არჩევნებამდე 25 დღით ადრე გაახსენდათ აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაციის საკითხი? რა დროს მაგაზე ლაპარაკია, ჯერ ვაცადოთ დამთავრდეს კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მერე დავიწყოთ ამაზე საუბარი. უგუნურები, უცოდინარები და მავნებლები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ახლა ამაზე საუბარი მეზობელ სახელმწიფოზე, რომელიც ომშია ჩართული," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.