მმართველი პარტია, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე დაწყებული გამოძიების გამო, ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. მათი შეფასებით, პოლიტიკური სპეკულაციები გაუმართლებელია.
"ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თითქოს ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს - გაუმართლებელი ბმაა. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მაშინ მოხდა, როდესაც საერთოდ არ მიმდინარეობდა კონფლიქტის ესკალაცია და საერთოდ დაწყებულიც კი არ იყო. ის, რასაც ჩვენ ოპონენტებისგან ვისმენთ, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ეს პროცესები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომელზეც პასუხი გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს.
"პასუხი უნდა გაეცეს იმ ძალიან მძიმე შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 1945 წელს გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც შეთანხმებული 1938 წლის რუკა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა. ეს, რასაკვირველია, არ ეხება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.