პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”მოქალაქეები”, ალექსანდრე ელისაშვილი დღის კურიერის ეთერში იმ მთავარ გამოწვევაზე საუბრობს, რომელიც კონკრეტულად საბურთალოს წინაშე დგას. ის ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ბეტონის ჯუნგლებია, რომელმაც საბურთალო საკმაოდ დააზარალა.
აქვე, ალეკო ელისაშვილი იპოდრომის ტერიტორიის დაბრუნებას დადებითად აფასებს.
"მიუხედავად დანაკარგებისა, მიუხედავად ხარვეზებისა, საბურთალოს აქვს რესურსი, რომ იყოს კომფორტული და მოხერხებული უბანი. მე არ მერიდება, პირდაპირ ვეტყვი მადლობას ბიძინა ივანიშვილს იპოდრომის დაბრუნებისთვის, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მართალია თავის დროზე იყო ჯოჯოხეთური, უმსგავსო საქციელი უგულავას მხრიდან, როდესაც გაყიდა ქალაქისთვის ესეთი მნიშვნელოვანი სივრცე, ეს იყო ბოროტება ქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი, მაგრამ ეს რომ დაბრუნდა, ძალიან კარგია. ეს არის ხალხის წინააღმდეგობის შედეგი. ნახა ივანიშვილმა, რომ საბურთალოელები არ ირჩევენ სერგეენკოს. "ქართული ოცნების" კანდიდატს აქვს ნული შანსი, რომ პირველ ტურში არჩევნები მოიგოს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემაზეც და მათ შორის, მეტროს ხაზზეც საუბრობს. პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტრამვაის ხაზის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
"ძალიან მარტივია, 7 კმ-იანი ტრამვაის ხაზი არის გამოსაყვანი დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე. 20-25 წუთში შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრში,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.