სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცა-დემარკაციის კომისიის 2 წევრს 2007 წელს დაშვებული შეცდომის გამო პასუხისგება, შესაძლოა, 13 წლის შემდეგ მოუწიოთ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს. როგორც გამოძიება ამბობს, მელაშვილიც და ილიჩოვაც შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ დელიმიტაციის პროცესში დღეს დაკავებულმა პირებმა იხელმძღვანელეს 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს.
აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი, რომლითაც კომისია სარგებლობდა სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას არ მოიცავდა. შედეგად, საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-38 წლის რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრებს. სხვაობა კი, საქართველოს საზიანოდ არის. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები მიზანმიმართულად იყენებდნენ სხვა რუკებს, რომლებიც 2 სახელმწიფოს შორის დამტკიცებული არასდროს ყოფილა და წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან.
დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორივე ყოფილი წევრი ბრალდების ოფიციალურად წაყენებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
პროკურატურაში არ ამორიცხავენ, რომ შესაძლოა გამოძიების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა სხვა პირებსაც მოუწიოთ და ბრალდებულთა წრეც გაფართოვდეს.