მიმართვის შემთხვევაში ბანკები სასტუმროებისათვის სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ - გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა და ბანკების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს. საუბრის თემა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობა იყო.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვერდში დგომა.
"გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებთან, ვთხოვეთ დაგროვილი სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე სასტუმროებს დაუგროვდათ. რადგან პრობლემები გრძელდება და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავუდგეთ. მოვისმინეთ ბანკების მხრიდან მზადყოფნა, რომ მზად არიან განიხილონ სესხის რესტრუქტურირების შესაძლებლობები,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ უნდა გაფართოვდეს პროექტი, რათა ყველამ შეძლოს სარგებლობა და დახმარების მიღება.
"რა იქნება უფრო პრიორიტეტული და როგორ უნდა გაფართოვდეს ეს პროექტი, ამასთან მიმართებით მიმდინარეობდა მსჯელობა, ასევე განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს,"- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.