"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ახალი დოკუმენტები და რუკა გამონაგონი ტყუილია.
"მინდა გამოვეხმაურო დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ხელისუფლების ორკესტრირებულ შეტევაში მნიშვნელოვანია, აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები. მათი განცხადებები ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა.
დღეს, როდესაც გაჩნდა რეალური შესაძლებლობა დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესის სამართლიანად გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაზე თავდასხმას ახორციელებს.
ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ახალი დოკუმენტები და რუკა გამონაგონი და ტყუილია. ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია.
ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხალხისა, რომელსაც არ უყვარს ქვეყანა და თავისი ქვეყნის ისტორია ასეთები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები გაკეთდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესებით იქნება მიღებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.