საქართველო - აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავების გამო პოლიტიკური ბრალდებები გრძელდება - ოპოზიცია თვლის, რომ ეს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად წინა ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას ისახავს.
გარდა ამისა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელთა განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი საომარ ვითარებაში იმყოფება დავით გარეჯის საკითხის წამოწევა შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის.
"რეალურად ხელისუფლების მიზანი ამ შემთხვევაში და სამიზნე არის, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორც ჩანს ზეწოლამ აქამდე არ გაჭრა და უკვე დაკავება გადაწყვიტეს ამ ადამიანების იმისთვის, რომ მათთვის, ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენება მიაცემინონ. დამოუკიდებელი სასამართლო არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუფარდებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში როგორც იცის უკვე მთელმა მსოფლიომ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, სასამართლო არის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებაში მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. ოპოზიციაში აქვთ მოლოდინი იმისა, რომ დაკავებულების ჩვენებებს გამოიყენებენ წინა ხელისუფლებაში მყოფი პირების წინააღმდეგ.
"ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება აბსოლუტურად მოგონილი აბსურდული ბრალდებებით, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს აჩვენებს იმას, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა ეძებს როგორ მოიგონოს კიდევ რაღაც ახალი სკანდალი და დააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი გააჩუქა და საკუთარ ბიზნესში გაცვალა, ხოლო ამის ვინმეზე გადაბრალებას სიცრუეს უწოდებს.
"დავით გარეჯი გასცა, გააჩუქა და ბიზნესში გაცვალა ბიძინა ივანიშვილმა. ეს მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ვინმეზე ამის გადაბრალება არის სიცრუე. სხვებს თავისი ცოდვები ეყოფა - აი ეს არის ფაქტი და ტყუილად დაიჭირა ეს საწყალი ხალხი და იყენებს ახლა საპიარო თოჯინებად რუსეთიდან შეკვეთილი ტექნოლოგიების შესაბამისად," - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არ არსებობს, ვინაიდან მსგავსი ხელშეკრულება არ შემდგარა.
"ხელშეკრულება რეალურად მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არ არსებობს იმიტომ, რომ ასეთი შეთანხმება უბრალოდ არ შემდგარა და ტერიტორიები, რომლებიც არის სადაო და განსახილველი, დღემდე შეუთანხმებელ ტერიტორიებად რჩება. ამიტომ მე არ ვიცი ვინ რაზე ლაპარაკობს, როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გადასცა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის და დღეს ეს დაადასტურა საქმის პროკურორმაც, ბატონმა სადრაძემ თუ არ ვცდები, რომელმაც თქვა, რომ გაჩნდა საფრთხე ტერიტორიების გადაცემისო. ანუ საფრთხეზეა ლაპარაკი და არა რაიმე ტერიტორიის გადაცემაზე და დაკარგვაზე," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.