17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
გვქონდა ეჭვი, მაგრამ არ გვქონდა მტკიცებულება - მამა თეიმურაზ ქორიძის თქმით, მოსაზრება რომ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება, არასერიოზულია

საგარეჯოს და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურმა თეიმურაზ ქორიძემ "დღის კურიერის" ეთერში დავით გარეჯთან მიმართებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. კითხვაზე, რატომ აცხადებენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომ ყველაზე სწორი რუკა 1938 წლისაა და სწორედ ეს რუკა არ გამოიყენა საზღვრის დამდგენმა კომისიამ, თეიმურაზ ქორიძემ განაცხადა, რომ სწორედ 1938 წლის შეთანხმებაზე აქვს ორივე სახელმწიფოს მოწერილი ხელი. მამა თეიმურაზ ქორიძის თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრის, ივერი მელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რუკა გამოუსადეგარი იყო, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა:

"ეს არის მისი პასუხი, რომლითაც ის ცდილობს თავი აირიდოს პასუხისმგებლობისგან. რატომ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი რუკა, მოგეხსენებათ, ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც რაიმე საკითხზე მიდის მსჯელობა და ამ საკითხთან მიმართებაში 2 სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ორივე სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ითვლება ავთენტურ დოკუმენტად, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი გვაქვს, ეს არის 1938 წლის შეთანხმება და ამაში არის მითითებული ამ რუკის შესახებ. 1996 წელს, როდესაც დაიწყო ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება ნავთობსადენის მილთან დაკავშირებით, დადგა საკითხი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ყველა სადავო ტერიტორია გარკვეულიყო და მაშინ ალიევსა და შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი იქნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი განისაზღვროს სწორედ 1938 წლის რუკის მიხედვით. ამიტომ, ერთადერთი რუკა, რომელიც 2 სახელმწიფოს შორის არის კანონიკური და გამოყენება შეიძლება, ესაა სწორედ 1938 წლის რუკა და ამის საფუძველზე ვამბობთ ჩვენ, რომ კომისიის მუშაობის დროს, ეს რუკა საერთოდ გამქრალია სამუშაო მაგიდიდან და 15 წლის მანძილზე ვითხოვდით, რომ რაიმე ეღონათ,"- განაცხადა თეიმურაზ ქორიძე.

მამა თეიმურაზ ქორიძე მცდარს და არასერიოზულ უწოდებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და ამაში ეკლესიაც არის ჩარეული, ხოლო კითხვა იმის შესახებ, რატომ დაიწყო გამოძიება არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სასულიერო პირი ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი ხელისუფლებაა და არა ეკლესია:

"სრულიად მცდარია ეს მოსაზრება მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ჩემის აზრით, არასერიოზულია, მით უმეტეს, როდესაც ამ ნიშანს ანიჭებ დედა ეკლესიას, რომელიც ერთადერთი საყვირი და ხმა იყო ამ 15 წლის მანძილზე, ორივე ხელისუფლების პირობებში. ეს კითხვა თავად ხელისუფლებას უნდა დაუსვათ. ეკლესიისთვის არასდროს არის პრიორიტეტული რომელიმე ხელისუფლების მხარდაჭერა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო რომ ამ საკითხში დაგვხმარებოდა ხელისუფლება და გადაწყვეტილი იყო ისე, როგორიცაა ისტორიული რეალობა,"- აღნიშნა თეიმურაზ ქორიძემ.

რატომ არ მიმართეს სასულიერო პირებმა საგამოძიებო ორგანოებს 15 წლის განმავლობაში თუ თვლიდნენ, რომ კანონი ირღვეოდა და სახელმწიფო ინტერესების ღალატი ხდებოდა. თეიმურაზ ქორიძემ განაცხადა, რომ არსებობდა ეჭვი, თუმცა არ იყო მტკიცებულება.

"პროკურატურას როდესაც მიმართავს ეკლესიას, უნდა ჰქონდეს მტკიცებულება, რომ აქ არის მოღალატეობრივი კავშირი, ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობდა. ამ ეჭვს გვიჩენდა ის, რომ ყველა სადავო საკითხი, რომელზეც მსჯელობდა კომისია, გადაწყვეტილი იყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ეს იყო ეჭვი, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა მტკიცებულება. ამ პროცესში კი, გამოძიებიდან ვიგებთ, რომ აღმოჩნდა მტკიცებულებები," - აღნიშნა სასულიერო პირმა.

დღის ამბები