საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამადასტურებელი ახალი რუკის მიხედვით, ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის და მისივე თქმით, ეს რუკა არსებობდა წინა ხელისუფლების დროსაც და ისინი ამით არ სარგებლობდნენ.
"ჩვენ გამოძიების შედეგად, აღმოვაჩინეთ რუკები, რომელიც ოთახში ინახებოდა და ის წარმოადგენს ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სად გადის ზუსტი საზღვარი. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სწორედ ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას.
ამ რუკის მიხედვით, ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის, ფაქტია, რომ ეს რუკა არსებობდა, ამით არ სარგებლობდნენ,"- აღნიშნა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება ივერი მელაშვილის განმარტებას რუკაზე, სადაც ის ამბობს, რომ დოკუმენტს ტექნიკური წუნი ჰქონდა, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ამას გამოძიება დაადგენს იყო თუ არა, მართლაც ასე.
"ეს დოკუმენტაცია აზერბაიჯანის მხარეს გადაეცა შესასწავლად და მას საფუძვლად დაედება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს, რომელიც ამ რუკის შესაბამისად, ნამდვილად საქართველოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაიმართა ბრიფინგი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩაატარეს, სადაც ითქვა, რომ გარკვეული ახალი ფაქტები იქნა აღმოჩენილი, რომელიც გადავეცით აზერბაიჯანის მხარეს შესასწავლად და ასევე ითქვა, რომ შეიცვალა კომისიის წევრები. ამის შემდეგ, დაიწყო წარმოუდგენელი ზეწოლა და იმის მოთხოვნა, რომ აუცილებლად ეთქვათ დეტალები. ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება თვეების წინ არის დაწყებული. რუკები კი, თვეების წინ აღმოჩნდა და როცა საჭირო გახდა, ამის შემდეგ მოხდა ამ პირების დაკავება. როგორ შეიძლებოდა ჰაერზე ვინმე დაეჭირათ, ეს მოხდა მაშინ, როდესაც დოკუმენტი აღმოჩნდა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობდნენ იმ რუკით, რომელიც არ იყო საჩვენოდ და ის რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ოთახში იმალებოდა,"- აცხადებს კახა კუჭავა.