ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" დამტკიცებული კანონის ხარვეზებსა და სწორ მიმართულებებზე საკუთარ მოსაზრებას ასაჯაროებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია 7-გვერდიან დოკუმენტში მთავარ პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მათივე შეფასებით, საკონსულტაციო საბჭო გვიან ჩაერთო პროცესში, რადგან მომზადებული პროექტი მათ გვიან გადაუგზავნეს.
"კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროექტი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში," - წერია განცხადებაში.
აქვე საუბარია კანონპროექტის იმ მიმართულებებზეც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულია. ერთ-ერთ მაგალითად კი მოყვანილია ის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დროს კენჭისყრა არის ფარული.