პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ბიძინა გეგიძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ პოლიტიკოსისთვის მთავარი ამომრჩევლებთან ურთიერთობაა. მისივე განცხადებით, ამჯერად სხვა პრინციპებით იხელმძღვანელებს და მთავარი პრინციპი, რომელსაც ის ამომრჩევლებს სთავაზობს არის "არანაირი დაპირებები".
"მე ადრეც განვაცხადე და ახლაც ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ იმ ფორმატში მაჟორიტარობას და არ მექნება მე ერთი მაჟორიტარის მანდატი პარლამენტში როგორიც იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე მიუხედავად იმისა, რომ ეს 4 წელიწადი ვყვიროდი, ვჩხუბობდი, ვიყავი ვაკის ამომრჩევლის ხმა, იქ იყო ჟვანიას ქუჩა, მზიური, აღარ ვლაპარაკობ გლობალურ პრობლემებზე, სასამართლოსა და მარიხუანაზე და ა.შ.
პრინციპული და კრიტიკული საკითხი რაც იყო იმ პარლამენტში, მე როგორც ვაკის მაჟორიტარი ვიყავი ყველა კრიტიკული საკითხის დროს აქტიური და ვიცავდი ვაკის ამომრჩევლის ინტერესებს.
ახლა სხვა ფორმატია აბსოლუტურად. არანაირი დაპირებები - ეს არის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევლებს. "არ იყიდება" - ეს არის ერთადერთი სწორი და მართალი პრინციპი, რითაც ჩვენ გავდივართ ვაკის არჩევნებზე და აი ამ პრინციპით ვაკის ამომრჩეველმა საკუთარ ხმას უნდა დაადოს ფასი და დააკვირდეს, რომ ეს ხმა ასე ადვილად აღარ გადასცეს არც ერთ პარტიას. ყველა პარტიამ იმედები გაუცრუვდა ხალხს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც კარდაკარ დავდივარ უკვე ერთ თვეზე მეტია. უპერსპექტივობაში არის ხალხი. ზუსტად ამიტომ ვაკის ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ერთ კონკრეტულ დამოუკიდებელ დეპუტატ ბიძინა გეგიძეს კი არა, ბიძინა გეგიძე იქნება ვაკის ამომრჩევლის მანდატის წარმომადგენელი, "არ იყიდებას" წარმომადგენელი იქნება პარლამენტში," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.