პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობა არ არის.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ როდესაც ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა, შესაბამისი პასუხისმგებლობა გაიზიარა, თუმცა სხვის ჩადენილ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
"იუსტიციის მინისტრის მოადგილე არ არის პოლიტიკური თანამდებობა - ეს ერთი. მეორე - სადაც მე ვმუშაობდი, ყველაფერი იყო გამართული, საათის მექანიზმივით მუშაობდა. მესამე - ვაპირებ ასევე გავმართო მთელი საქართველო. მეოთხე - სადაც ვხედავდი ძირეულ, ფუნდამენტურ პრობლემებს ამისთვის გადავდგი პოლიტიკისკენ ნაბიჯი, რომ ჩემს თავზე ამეღო პასუხისმგებლობა და მემუშავა იმისთვის, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება ყოფილიყო ქვეყანაში, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა ყოფილიყო და არც ერთ ადამიანს, მოქალაქეს და არც ერთ ბიზნესს არ ეგრძნო ის პრობლემები, რომელზეც იყო საუბარი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროს, 2012 წელს საპარლამენტო უმცირესობაში ყოფნის დროს, მე ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ დიახ, ჩვენ როგორც პოლიტიკური ძალა, ყველანი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც იყო წარსულში, მაგრამ ვითხოვდი ყველა ამ საქმის გადაწყვეტას, გამოძიებას.
შეგახსენებთ, 2012-2013 წელს "რუსთავი 2-ის" ეთერში ვიყავი დებატებში, სადაც ვითხოვდი ფუნდამენტურ გამოძიებას ამ საქმეებისას. იყო იქ კასრების საქმე, ჩანაწერების, რომელიც შემდგომ გამოვლინდა.
მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ გავხდი, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გავიზიარე და ჩემი ამოცანა იყო პარლამენტში შესვლით გამესწორებინა ის პრობლემები, რაც იყო ამ ქვეყანაში. ამაზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას. ვერასდროს ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, არ ვარ პასუხისმგებელი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.