პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი მოსამართლეების შემოყვანა სურს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური საკითხების, კორუფციის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე.
გიორგი ვაშაძემ მაგალითად სტრასბურგის სასამართლო მოიყვანა და აღნიშნა, რომ სტრასბურგშიც საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე უცხოელი მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებებს.
"აქ გვინდა შემოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები და სააპელაციო დონეზე, განსაკუთრებით როგორ საქმეებზე იცით? პოლიტიკური საკითხები, კორუფციის საქმეები, ისეთი საქმეები, რომლებზეც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
იმასაც კი ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკოსის მიმართ საქმეები, რომ არ იყოს მომავალში საუბარი პოლიტიკურად მიუკერძოებელია თუ მიკერძოებულია სასამართლო, უნდა განიხილოს უცხოელი მოსამართლეებით შემდგარმა სასამართლომ.
სტრასბურგში ვინ იღებს გადაწყვეტილებას? სხვა ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები იღებენ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხომ?! ხომ გვაქვს ჩვენ ნდობა სტრასბურგის სასამართლოსადმი?! ზუსტად ასეთივე ნდობა მინდა რომ გვქონდეს კონკრეტულ საქმეზე მოწვეული უცხოელი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც განიხილავენ საქმეებს. საქართველოს კანონმდებლობით უნდა იხელმძღვანელონ.
ამისთვის კონკრეტულად არსებობს საარბიტრაჟო დავები, როცა იხილება სხვა ქვეყანაში, ისინი იხილავენ მათ შორის იმ ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს, რითაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მაგრამ მთავარი აქ რაში არის? სისხლის სამართლის საქმე ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეა," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.