"რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული მორიგი კვლევა უკვე მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიტანული კომპანია Survation ამჯერად ექვს ოლქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ახალი მონაცემებით ირკვევა, ბათუმში მეორე ტურის დიდი ალბათობაა. ამ ეტაპზე, ეს ერთდერთი ოლქი, სადაც კანდიდატები 50-თ პროცენტს პლიუს ერთ ხმას ვერ აგროვებენ.
ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევას, ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს.
"კვლევებს, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი აქვს, ზოგჯერ სასარგებლო, ზოგჯერ კი უსარგებლო, მაგრამ ჩვენ ახლა, კონცენტრირებულები ვართ, 31 ოქტომბრის არჩევნებზე. თუმცა, საინტერესოა, ვინ იყო გამოკვლევის დროს მოსახლეობასთან ადგილზე. შესაძლებელია თვითონ ეს ბრიტანული კომპანია მაღალი რეპუტაციის არის, მაგრამ გააჩნია ვინ ატარებს კვლევას. ჩვენი კანდიდატების რეიტინგები არის მცდარი, რადგანაც ისინი არიან კანდიდატები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციით გამოირჩევიან," - აცხადებს პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კი, მიიჩნევს, რომ Survation-ის კვლევა რეალობას არის აცდენილი. ასე ფიქრობს გიორგი ვაშაძე, რომლის თქმითაც, მის პარტიას არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსები აქვს, თუმცა ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევით კი, ეს არ დასტურდება.
"ეს შედეგები რეალობას აცდენილია. აბსურდულია თვითონ ტექნოლოგიაც და მონაცემები. არაერთი საჯარო განცხადებების მიუხედავად, ტექნოლოგიასა და რეალურ მონაცემებს, რომლიდანაც რეიტინგები დაითვლება ეს კომპანია არ აქვეყნებს. ყველა კვლევით, ჩვენ პარტიას ძალიან დიდი შანსები აქვს, ჩვენ გვაქვს ყველაზე მზარდი მხარდაჭერა ოპოზიციურ ფლანგზე, ამიტომ საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად, ვაპირებთ ხელისუფლებაში მოვიდეთ," - აღნიშნა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.