17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"თავისუფლება ივერ მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას" - პარლამენტთან "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ​

თავისუფლება ივერ მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას - ეს მოწოდებები ისმის, ამ წუთებში, პარლამენტთან. სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი "ქართული ოცნების" მძევლები არიან.

აქციაზე მივიდა ივერ მელაშვილის მეუღლე თამარ სულაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამ საქმით ცდილობს, წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებზე ემოციური გავლენა მოახდინოს და ამ გზით, ამომრჩეველთა ხმები მოიპოვოს. 

"ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. ყველამ იფიქროს, მათთვის რომ დაებრალებინათ, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ თვითონ, ამ მდგომარეობაში იქნება. მაგრამ როცა ადამიანი მართალია, ის იბრძვის სიმართლისთვის. ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და ალბათ რომელიც უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ, ერთი კვირით ადრე, და გაჟღერდებოდა, რომ თურმე "ნაციონალების" დროს რაღაც მცდელობა იყო საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის და ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ, აგერ, ფრთიანი ანგელოზები ვართ და ჩვენ მოგვეცით ხმა, რომ საქართველო დავიცვათ. ეს იყო მაგათი კოზირი,"განაცხადა თამარ სულაძემ. 

აქციაზე მისული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ბრალდებულებს ამ დანაშაულის ჩადენის სურვილიც რომ ჰქონოდათ, ამას ხელისუფლებისა და პარლამენტის გარეშე ვერ მოახერხებდნენ. 

"მთავარი აქ ის არის, რომ მათ სურვილიც რომ ჰქონოდათ ეს გაეკეთებინათ, ამისთვის დასჭირდებოდათ საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, უშიშროების საბჭოს ყველა წევრის და პარლამენტის სამი მეოთხედის თანხმობა. უბრალოდ ვერ იზამდნენ ამას,"-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამ პროცესების უკან რუსეთის ინტერესს ხედავს. 

"ბიძინა ივანიშვილი რუსულ ძალასთან ერთად, იმიტომ, რომ მას "ქართული მარში" და "პატრიოტთა ალიანსი" კარგად აჰყვა და ერთ ხმაში მღერიან, ხდება მცდელობა, რომ რუსეთიდან გადმოიტანოს რელსები და საპროტესტო მუხტი და ტალღა გადავიდეს აზერბაიჯანისკენ,"-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა კი გაიხსენა, რომ ყოველი არჩევნების წინ რომელიმე სკანდალური საქმის გააქტიურება ხდებოდა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები