17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"ქართული ოცნების" ინფორმაციით "ლელოს" აქტივისტი მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ლელოს" აქტივისტი მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. მოქალაქე რაშად მუსაევმა სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს პიროვნება "ლელოს" აქტივისტია და აქტიურადაა ჩართული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში.

"ლელოში" ადასტურებენ, რომ ვიდეოში ასახულ ინციდენტში მათი წევრი ნამდვილად მონაწილეობს, თუმცა, როგორც მოძრაობაში ამბობენ, მისი გაღიზიანება "ქართული ოცნების" აქტივისტების პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია.

აღნიშნულს მმართველი პარტიის წევრები ეხმაურებიან.

"გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ, მოქალაქე რაშიდ მუსაევის მიერ, რომელის "ლელოს" აქტივისტია, "ფეისბუკის" პირად გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. როგორც ჩანს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო, იმდენად გამწარებულები არიან, რომ მსგავს სიბინძურეებსაც კი კადრულობენ. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში წარიმართოს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი. 

 უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ კი, ყველა აქტივისტს მოუწოდა თავი შეიკავონ პროვოკაციებზე წამოგებისგან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა აქტივისტს და ყველა თათბირი იწყება იმ დავალებით რომ პროვოკაციებზე არანაირი წამოგება არ უნდა დავუშვათ. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მხრიდან, ყოველდღიურად ვაწყდებით პროვოკაციის ფაქტებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გუშინ დაფიქსირდა ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს ემუქრებიან კონკრეტული პარტიის აქტივისტები სიცოცხლის მოსპობით, ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

მომხდარს ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც "ქართული ოცნების" განცხადებებს არ ენდობა და აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეოს ნახავს და ამის შემდეგ დაიწყება მოკვლევა თუ ვინ არის ის ადამიანი.

"აუცილებლად ვნახავ ვიდეოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ვინ არის. თუმცა, ვისგანაც არ უნდა იყოს მუქარა ჩვენი აქტივისტი იქნება ეს თუ სხვა, მუქარა მიუღებელია და აუცილებლად იქნება ამაზე რეაგირება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს არ ვენდობი, ვინაიდან აქამდე მათი განცხადებები ყოველთვის უსაფუძვლო და ტყუილის შემცველი იყო,"- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები