ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათ ამ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაშიც კი არ ექნებოდათ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" პიარს ემსახურება.
"დააპატიმრეს ადამიანები, რომლებზეც თავად ამბობენ, რომ დანაშაული ჯერ არ ჩაუდენიათ, არც იყო რამე მცდელობა და სურვილი ამ დანაშაულის ჩადენის და მეტსაც გეტყვით - ძალიანაც რომ ნდომოდათ, ამ დანაშაულს ისინი ვერ ჩაიდენდნენ, რადგან ამის უფლებამოსილება მათ არ ჰქონდათ. ეს არის პიარ აქცია და სამარცხვინო "ქართული ოცნებისთვის", რომ პიარისთვის, არჩევნებში პროცენტების მოტანისთვის და ვითომ იმისთვის, რომ გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწა-წყალზე, არცთუ ისე ახალგაზრდა ადამიანები გაიმეტეს ციხისთვის, მათ შორის ქალი,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურის თქმით, კომისიის თავმჯდომარე ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის მინისტრის მოადგილე იყო, ამიტომ, დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სპეციალისტებს არ უნდა დაეკისროთ
"90-იანი წლებიდან მოყოლებული მოყოლებული ყოველთვის მინისტრის მოადგილე იყო კომისიის თავმჯდომარე - შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონკრეტული ექსპერტების თუ სპეციალისტების, რომლებიც მუშაობდნენ ამ საზღვრის დამდგენ კომისიაში, პასუხისმგებლობა იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა. ხელმოწერა ვერ შედგებოდა ვერანაირ შემთხვევაში, თუ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი არ მოაწერდა ხელს,"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარტია "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობს, რომელსაც რეგიონში არეულობა სურს.
"ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როცა შენ სახელმწიფო სტრუქტურაში უამრავ ადამიანს აბრალებ იმას, რომლის დაბრალება თუ არ გაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, ეს ნიშნავს, რომ შენ თამაშობ ვიღაცის თამაშს და ეს თამაში რუსეთის თამაშია, რომელსაც უნდა ჩვენი სამეზობლო ურთიერთობები გაამწვავოს და კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში იყოს არეულობა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.