17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილის ადგილს სხვა პარტიები როგორ ხედავენ, მთავარია ჩვენ როგორ ვხედავთ - ზაალ უდუმაშვილი

"არა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს"- ეს არის "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანია და ოპოზიციური პარტიისთვის გამარჯვების ფორმულაც.

პოლიტიკური რეკლამის შემდეგ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ავრცელებს ვიდეო მიმართვას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ამ პარტიისთვის ბრძოლის სამიზნე ყოფილი თანაგუნდელები არიან.

ოპოზიციური პარტიები გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხედავენ სხვა პარტიები სააკაშვილის როლს პოლიტიკაში.

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას წითელ ხაზად თვლის, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნავს, რომ მთავარია თავად გუნდი როგორ ხედავს ყოფილი პრეზიდენტის როლს პოლიტიკაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილისგანცხადებით, მთავარი ამოცანა გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

"მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ვიღაცის მიზანია ამ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება, ვიღაცას სულ სხვა მიზანი ამოძრავებს. გიგი უგულავას რა მიზანი აქვს ვერ გეტყვით, ეს იმ პარტიებს ჰკითხეთ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. იმას არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის ადგილს სხვა პარტიები როგორ ხედავენ, მთავარია ჩვენ როგორ ვხედავთ მის ადგილს. არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, წერონ და იკითხონ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გიგი უგულავას ვიდეომიმართვა "ლეიბორისტების" ოფისში შემდგარ მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა ოპოზიციონერმა პარტიებმაც შეაფასეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი კოალიციურ მთავრობაში არ არის.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი კოალიციურ მთავრობაში არ არის და მისი პრემიერობის კანდიდატურას მხარს არ უჭერს, რადგან ბურჯანაძის თქმით ეს არის წითელი ხაზი.

 საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კოალიცია თავისივე ხელმძღვანელობით წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ ერთობას უღალატა.

დღის ამბები