17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
დღეს ქვეყანაში არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ქართული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი არ არის - სულხან სალაძე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ "დღის კურიერის" ეთერში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე ტურის ჩატარების წინაშე დავდგებით, შესაძლოა მოვლენები უფრო დაიძაბოს. 

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ქართული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვამართლებთ და არ მოგვწონს ეს ძალადობრივი და მუქარის შემცველი შემთხვევები. ეს ამომრჩეველს ხელს უშლის, რომ მშვიდობიან გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს. მივესალმებით იმას, რომ მთელ რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. 

დღეს მიმდინარე პროცესებს შევადარებდი წინა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო საპარლამენტო არჩევნებისათვის. იმას ვერ ვიტყვი, რომ ახლა უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე მაშინ, მეორე ტურის წინ იყო. ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ მეორე ტურის წინ უფრო იძაბება ხოლმე სიტუაცია და შესაძლოა ეს ამჯერადაც ასე იყოს. 

ქართული საარჩევნო კამპანიის ლოგიკაა, რომ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა მატულობს, ამიტომ ამის მოლოდინი არის. ამისათვის კი მთავარია, როგორ იმუშავებენ სამართალდამცავი ორგანოები, რამდენად დაცლილი იქნება ეს პროცესი პოლიტიკური შემადგენლობისგან, როგორი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მზაობა და აუდიტის სამსახურის ჩართულობა. მაგალითად, ჩვენ დღემდე ველოდებით პასუხს აუდიტის სამსახურიდან "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებულ საკითხზე, იყო თუ არა  უკანონო შეწირულობა. ამაზე დღემდე არ გვაქვს პასუხი. 

ჩვენთან მმართველი პარტიისა და ხელისუფლების გამიჯვნის პრობლემაა. ასევე პრობლემაა იმაზე მუდმივი საუბარი, როდესაც ამბობენ - ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. ეს არ არის სწორი კომუნიკაციის ფორმა. დიდ სურათში, შეიძლება ამ პროგრამებს უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე ამომრჩევლის მოსყიდვას. 

ოპოზიციის ნაწილში კი, იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელიც დაკავშირებული იყო ბატონ ოქრიაშვილთან, ეს არის "პსპ-ს" გახმაურებული ამბავი. ოქრიაშვილი "პსპ-ში" 95%-იანი წილის მფლობელია და ასევე, არავის აქვს უფლება, რომ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს რაიმე კომპანიასთან ჰქონდეს კავშირი. ამიტომაც, მედიკამენტების შემოტანა და საზოგადოებისთვის შეთავაზება, დიახ, დიდწილად ამომრჩევლის მოსყიდვას შეიცავს. 

რაც შეეხება ჩვენს ბოლო შემაჯამებელ ანგარიშს, მას ჩვენ 29 ოქტომბერს გამოვაქვეყნებთ," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

დღის ამბები