17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე, ისნის საარჩევნო ოლქში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებაზე საუბრობს. ხატია დეკანოიძის მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

"პირველი, რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის სრული გამოყენება და სრული ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, სკოლის მასწავლებლების, ბაღის დირექტორების, თქვენ შეგიძლიათ სოციალურ ქსელში გადაამოწმოთ ჩემი კონკურენტი, ბატონი კახიშვილი, რომელიც არის "ქართული ოცნებიდან", როგორ დადის გამგებელთან ერთად. მასიურად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება საუბნო-საარჩევნო კომისიებში. 

გადასატან ყუთს რაც შეეხება, ადამიანი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია და ნამდვილად ესაჭიროება გადასატანი ყუთი, მთელი მისი ოჯახი გაფორმებულია გადასატან ყუთზე. ასეთი რამდენიმე შემთხვევა გვაქვს და მოდით პირდაპირ დავარქვათ გაყალბება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აპირებს.  

რაც აუცილებლად მინდა ვთქვა კიდევ - ეს არის მუქარა. იმდენად მძიმეა მუქარის ფორმები, არ სურთ ამის კამერების წინ თქმა და ჩვენც ვუფრთხილდებით მათ. "ოცნების" ე.წ. კოორდინატორები მიდიან სოციალურად დაუცველებთან და ეუბნებიან, რომ თუ ოპოზიციას ხმას მისცემენ, ბენეფიციარებს სოციალურ შემწეობას მოუხსნიან. რამდენიმე შემთხვევა იყო ჩემთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრი დავითაშვილი ურეკავდა ვაზისუბნის დასახლებაში ადამიანებს და ეუბნებოდა, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ,"-განაცხადა "დღის კურიერში" ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ის არ ენდობა სამართალდამცავებს, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მიმართ გამოვლენილი დანაშაულები გამოძიოს, ენმ-ს მხარდამჭერებს იჭერენ. 

"ჩემი შტაბის წინ დაამტვრიეს ჩვენი საარჩევნო ნომერი, ღია თვალთვალი მიმდინარეობს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, ღიად გავაჟღერე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები