"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ "დღის კურიერის" ეთერში პარტიის აქტივისტების და მომხრეების მიმართ განხორციელებულ წინასაარჩევნო დარღვევებსა და დაშინებებზე ისაუბრა.
როგორც ანზორ ბიწაძე განმარტავს, ქარელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარტიას წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების უფლება არ მისცა და შეკრებაზე უარი განუცხადა. მისივე თქმით, მათ ჩანიშნულ შეხვედრაზე ერთი დღით ადრე გადაამისამართეს სხვა ადგილას, მიტოვებულ სტადიონზე, სადაც მათ მხარდამჭერებს მაღალი ტემპერატურის ფონზე, ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა.
ასევე "დღის კურიერში" ანზორ ბიწაძემ ბაღდათში გუშინ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა, სადაც მისივე თქმით, სუს-ის თანამშრომლები შეხვედრაზე მყოფ ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდნენ. მან ყურადღება პედაგოგების დაშინებებზე გაამახვილა, რის გამოც პედაგოგები სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით წინასაარჩევნო შეხვედრას ვერ დაესწრნენ.
"ფაქტი არის ძალიან ცინიკური და უბრალოდ უხერხულიც კი. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ასეთი მეთოდებით ცდილობს "ქართული ოცნება" გავიდეს ფონს.
ქარელში ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას კანონის სრული დაცვით ჩაგვეტარებინა შეხვედრა და ჩვენი ქარელის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა. მოვითხოვეთ ადგილი ცენტრში, რომელიც არის კულტურის სახლის წინ, მოგეხსენებათ არის პანდემია, არის ბევრი რეგულაცია დასაცავი. ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა შეხვედრისა და წარდგენის დროს ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველანაირი რეკომენდაცია, რაც არის კოვიდთან დაკავშირებით, ამიტომ ეს იყო ძალიან კარგი და გამოსადეგარი ადგილი. გვინდოდა, რომ დაგვეცვა დისტანცია, როგორც ეს რეკომენდებულია და ჩაგვეტარებინა შეხვედრა ამ ადგილზე და უარი გვითხრეს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გადაგვამისამართეს მიტოვებულ და მიგდებულ სტადიონზე, სადაც 40 გრადუსი სიცხე იყო იმ დღეს და უბრალოდ თაკარა მზეში მოუწიათ ჩვენს მხარდამჭერებს საათნახევარი ყოფნა, მაგრამ მაინც ისხდნენ ამ თაკარა მზეში იმ ადგილზე, სადაც გადაგვამისამართეს. მაინც კარგი ღონისძიება ჩავატარეთ და წარვადგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი.
მოტივი იყო უბრალოდ ის, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ველური მეთოდებით ცდილობს ოპოზიციას ხელი შეუშალოს ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია," - განაცხადა აბზორ ბიწაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დარღვების კიდევ რამდენიმე ფაქტზე საუბრობს.
"მეორე შემთხვევა იყო ბაღდათში, ზუსტად გუშინ იყო ჩვენი შეხვედრა და იქ გვითხრეს კონკრეტული გვარებით და სახელებით ჩვენი მხარდამჭერები, პედაგოგები ვინც არიან, რომლებსაც სურდათ ამ შეხვედრაზე მოსვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ვინაიდან დააყენეს საფრთხის წინაშე, რომ დაკარგავდნენ სამსახურს. მათ პირდაპირ დაემუქრნენ.
მაგალითად ახალქალაქში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მოდიოდნენ სუს-ის თანამშრომლები მანქანებით და უღებდნენ სურათებს იმ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ ჩვენს წინასაარჩევნო შეხვედრებს.
მე უბრალოდ დავსვამ ერთ ძალიან მარტივ კითხვას: როდესაც ნახევარი კავკასია ცეცხლის ალში არის გახვეული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის უნდა ეცალოს, რომ ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს გადაუღოს სურათები და შემდეგ ისინი დააშანტაჟოს? ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული მიზნებისთვის გამოყენება, რაც ჩვენი მთელი დამოუკიდებლობის მანძილზე იქცა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ტრადიციის განუყოფელ ნაწილად და ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ 31 ოქტომბერს," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.