სასტუმრო "რუმსში" ქალი კანდიდატების შეხვედრა მრავალპარტიულ ფორმატში გაიმართა. "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელო საქართველოსთვის" და სხვა პარტიების წევრმა ქალებმა წინასაარჩევნო პროგრამებზე და გარემოზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები. შეხვედრის მთავარი მიზანი ქალ კანდიდატებს შორის დიალოგის ფორმირების ხელშეწყობა და 2020 წლის საარჩევნო გარემოს შეფასებაა.
"ხალხს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ უბრალოდ ივანიშვილი უნდა გავუშვათ, ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად რაღაცას სთავაზობენ და მსგავსი შეხვედრები არის ყოველთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. დღეს ქალების ფორმატი არის, ქალთა უფლებები ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება პარლამენტში," - განაცხადა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიამ.
მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "სამართლიანობისთვის" ეკა ბესელიას თქმით კი, მამაკაცი კანდიდატებისგან განსხვავებით ქალებისთვის წინასაარჩევნო გარემო გაცილებით უფრო რთულია.
"მამაკაცი კანდიდატებისგან განსხვავებით ქალი კანდიდატებისთვის უფრო რთულია წინასაარჩევნო გარემო. ეს ფორმატი კარგია იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე და შეიძლება კონსოლიდირებაც მოხდეს ქალი კანდიდატების მხრიდან ამ პრობლემების დასაძლევად, რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
როგორც პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე აცხადებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალ კანდიდატებს შორის დისკუსია თანამშრომლობით ასპექტში უნდა გადაიზარდოს, რაც მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.
"დისკუსია, მათ შორის შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალმა წარმომადგენლებმა ერთმანეთში ვისაუბროთ და შემდეგ ეს რაღაც კოლეგიალური დამოკიდებულება კიდევ უფრო თანამშრომლობით ასპექტში გადაიზარდოს არის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.