"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ბოკერიას შეფასებით, აუცილებელია ხისტი და ზოგჯერ უსიამოვნო გზავნილები, რათა სიცხადე იყოს ამომრჩევლებისთვის, თუ რას ჰპირდება მას "ევროპული საქართველო" გარდამტეხი ცვლილებების სახით.
"ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილის გარშემო ყველამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და იმ მხარეს დადგა, რომ ოპოზიციური ერთობა მაჟორიტარობის საკითხში ჩაეშალა, რომ ხაზი გაესვა იმისთვის, რომ მათ სურთ დაბრუნება 2012 წლამდე წარსულში, როცა დომინაცია იყო და სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, დომინირებდა ყველა შტოს. ეს არ მოხდება, ყველამ, ვინც ამაში როლი ითამაშა, ჩემი აზრით, ცუდი სამსახური გაუწია ქვეყანას. "ევროპული საქართველოს" ამოცანაა მკაფიო, ხშირად ხისტი და ზოგჯერ უსიამოვნო გზავნილით შევიტანოთ სიცხადე ყველა ამომრჩევლის თვალში, რას ვიზამთ და რას არ ვიზამთ, რაშია გარდამტეხი ცვლილება,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას გამიჯვნა ამ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ეხება მხოლოდ გამოხატვის ფორმას და არა შინაარსს.
"ფორმა არ მომწონსო თქვა და არა შინაარსი. ელენე ძალიან კეთილი ადამიანია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და მე მესმის მისი, ემოციურად ეს არ არის სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. შინაარსს ელენე ხოშტარიაც იზიარებს სააკაშვილის პრემიერობასთან და ყველა დანარჩენთან დაკავშირებით.
ტყუილი არის ყველაზე ცუდი. დიახ, ზოგჯერ უსიამოვნო ფორმით აუცილებელია იმის თქმა, რაც გიგი უგულავამ გააკეთა დღეს და რის გაგრძელებასაც მომავალშიც ვაპირებთ.
არ შეიძლება 40-ჯერ დაჰპირდე ადამიანებს ჩამოვალო და გადააგდო, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ისწრაფოდე იმისთვის, რაც ერთხელ გქონდა და გქონდა დიდი პრობლემები, რაც გაცნობიერებული არა გაქვს, ეს ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.