საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე გამოძიების შედეგებს ელოდება. კარლ ჰარცელი იმედს იტოვებს, რომ გამოძიება სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება.
"მიმდინარეობს ამ საკითხზე გამოძიება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხი არის სენსიტიური, როგორც საგარეო პოლიტიკის კუთხით, ასევე ქვეყნის შიგნითაც. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია სვამს კითხვებს ამ საკითხის კონტექსტზე და ასევე, ამ საკითხის განხილვის დაწყების დროსთან დაკავშირებითაც. ჩვენც გვესმის, რადგან არჩევნების კამპანიის შუა პერიოდში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მოხდეს გამჭვირვალედ და სამართლიანად,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათია, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი პროკურატურაში იმყოფება. ის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა.