რატომ დადგა დღის წესრიგში დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი სალოცავების ნაწილის რესტავრაციის საკითხი მისი პრემიერობის დროს და რატომ არის მის მიერ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები, რომ ეს სალოცავები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, - ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ უშუალოდ ბერების მხრიდან იყო ჩიჩხიტურის კოშკის რესტავრაციის მცდელობა და იქ კონფლიქტურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამიტომ მიმართა მან აზერბაიჯანულ მხარეს წერილით, რომ ამ სალოცავების რესტავრაციის ნებართვა მიეცათ.
"აქ საუბარია ჩიჩხიტურის კოშკსა და უდაბნოს მონასტერზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი რუკით, ბერთუბანი რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წერილის ამოცანა და დანიშნულება იყო ამ ძეგლების რესტავრაცია. ეს წერილი დიდი საამაყო შეიძლება არ არის და ჯობდა ალბათ, ტელეფონზე საუბრით მოგვეგვარებინა, თუმცა მეორე მხრივ, საკმაოდ რთული და დაძაბული ვითარება იყო და როგორც ჩანს, სწრაფი ჩარევა იყო საჭირო. არ მახსოვს ვისი შედგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს თუ უშიშროების საბჭოს სამდივნოს, ამის დადგენა გამოძიებას არქივიდან თავისუფლად შეეძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წერილით საქართველო უარს არ ამბობს ამ პროცესის სხვა ფორმატში მოგვარებაზე და ჩვენ, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, გვაქვს დამატებითი არგუმენტები," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.