17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა - ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თავის პრემიერ-მინისტრობის დროს, იმედი ჰქონდა, დავით გარეჯის საკითხი პროფესიონალურად იყო გამოკვლეული და პასუხისმგებელმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობდა. 

კითხვაზე, იყო თუ არა საკითხთან დაკავშირებით მისი ნდობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედზე დამყარებული, ნოღაიდელმა  უპასუხა, რომ კი, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობა იყო. 

"იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა.

პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად - ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ,"-განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც გამოიკითხა. 

როგორც ირკვევა, 2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს მაშინდელი პრემიერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს. 

იქამდე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. 

დღის ამბები