"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც იუსტიციისა და სასამართლო სისტემის მიმართულება აქვს ჩაბარებული, "ღამის კურიერის" ეთერში სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
წამყვანის თქმით, სულხან მოლაშვილი წამებაში ადანაშაულებდა ვალერი გრიგალაშვილს და გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგალაშვილი კი ამჟამად "ლელოს" აქტიური წევრი და ბორჯომის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. ანა ნაცვლიშვილს მოუწია პასუხი გაეცა კითხვაზე, რამდენად შეესაბამება ვალერი გრიგალაშვილის პერსონა "ლელოს" მიერ მიცემულ პირობას, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალა და სახეები უნდა მოვიდნენ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, სულხან მოლაშვილის ეს განცხადება, პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებებით არ გაუმყარებია, შესაბამისად, არც დასახელებული პირები არიან პასუხისგებაში მიცემული. ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდა სულხან მოლაშვილის წამებაში, ის უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს შესაბამისად:
"ვალერი გრიგალაშვილი არ არის ჩვენ პარტიულ სიაში. ლელოს ჰყავს 200 ათასი რეგისტრირებული წევრი და მხარდამჭერი. თუ ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდა სულხან მოლაშვილის წამებაში ის უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. მე ვითხოვ პროკურატურის მხრიდან, სად არის განაჩენი, რომ მონაწილეობდა. ადამიანს აქვს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელსაც იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი ბატონ სულხანს და მის მიმართ განხორციელებული მოქმედებები ვიცით, რომ იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ეს განცხადება ჩემთვის არის სერიოზული, რომლის საფუძველზეც ვსვამ კითხვას. ახლა მაქვს კითხვა ქართული ოცნების მიერ "რეფორმირებულ" პროკურატურასთან, თუ ეს განცხადება გამყარებულია მტკიცებულებებით, რატომ არ არის მის წინააღმდეგ საქმე აღძრული. რომ წააგო სახელმწიფომ სტრასბურგში მოლაშვილის საქმე, რას აკეთებს პროკურატურა და რატომ არაა ეს განცხადება მისული ბოლომდე. გრიგალაშვილი რომ არ იყოს ჩვენ პარტიაში, ამას სჭირდება ის, რომ ის იყოს დამნაშავედ ცნობილი ამ საქმეში. ჩემთვის, უფლებადამცველისთვის უდანაშაულოა, სანამ ადამიანის დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს მიერ ძალაში შესული განაჩენით," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.