საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ის სამუშაოები მიმოიხილა, რომელიც კომისიის ახალმა შემადგენლობამ 2019 წლის შემდეგ გასწია:
"დავიწყეთ მუშაობა და ჩავატარეთ თუ რა გვქონდა ხელთ, რა ნაბიჯები იყო გადადგმული და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი სტრატეგია მომავალში. მთავარი ამოსავალი წერტილი არის 1996 წლის პროტოკოლი, სადაც ხაზგასმულია, რომ ამოსავალი წერტილი, რითაც კომისიებმა უნდა იხელმძღვანელონ არის 1938 წლის ხაზი და შესაბამისი მასალები, რომელიც მას ამყარებს. სირთულე, რაც კომისიას ჰქონდა, იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი მიმართულება იყო ამ მასალის შეგროვება. რამდენიმე თვის უკან გარკვეული მასალა დაგროვდა. შესაბამისად, დავიწყეთ ამ მასალის ანალიზი, რამდენად გამოსადეგი იქნებოდა მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ, მათ შორის, ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იურიდიულ ფირმებთან და გარკვეული შეფასება ამ მასალის ვთხოვეთ, მივიღეთ დასკვნა რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და ამის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპარაკების ამ ნაწილმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კომისია დაიწყებდა ამ მასალის შესწავლას და მუშაობაში გამოყენებას," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ერთობლივი კომისიის შეხვედრა წელს მარტში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო და ლაშა დარსალიამ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.