საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების იმ ანალიზზეც ისაუბრა, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით გაკეთდა.
"ექსპერტების შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ 1:200000-იანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პოზიციებს დავით გარეჯის მონასტრის სადაო ტერიტორიებზე, ეს რუკა განსახილველია არა როგორც ცალკე აღებული, არამედ როგორც1:500000-იანი მასშტაბის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც სავარაუდოა, იმ 1:200000-იან რუკას ეფუძნებოდეს, რომელიც 1938 წლის ოქმის დანართადაა წარმოდგენილი. თავის მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილების ოქმი, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებით უკანასკნელი ორმხრივი შეთანხმებაა, დადასტურებული 1996 წელს და საქართველოს ტერიტორიის საზღვრის დადგენისთვის საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნა შეფასებული.
"ექსპერტების შეფასებით, სხვადასხვა დროს ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული გამონათქვამები და ნაბიჯები არასათანადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, შესაძლოა, ჩვენს საზიანოდაც კი იყოს გამოყენებული, შესაბამისად, შემდგომში შესაცვლელი იქნება აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმართებაში გარკვეული მიდგომები ამ მიმართულებით. ქართულ მხარეს დასჭირდება მტკიცებულებების გამყარება, რომელიც გარკვეულწილად უმოქმედობას ან არასწორ ქმედებებს შესაძლოა დაესუსტებინა," - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.