პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობა ცდილობს ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
"პოზიტიურია ის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი და ეს შეთანხმებულია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ, ჩვენ გადავდგით, იყო სწორი და შედეგიანი. ჩვენ ვეცდებით, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.