ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში ხელშეწყობისთვის საქართველოს რამდენიმე ათეული დოკუმენტაცია გადასცა, შეფასებები მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი ეროვნული მნიშვნელობისაა და ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის მიღმაა. თალაკვაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩადგა თავის მართლების რეჟიმში ოპოზიცია წინასწარვე:
"დავით გარეჯს ჩვენ ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში, რომელიმე პარტიის გადმოსახედიდან არ განვიხილავთ და ვერ განვიხილავთ. ჩვენ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რათა დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ყველა გარემოებას, მათ შორის რუკებს, რომელიც ახლა არის მოწოდებული. პოლიტიზირება ვინ სცადა ამ საკითხის, მე მგონი საზოგადოება კარგად ხედავს, ჯერ კიდევ გამოძიებას არ ჰქონდა ეს ბრიფინგი ჩატარებული, როდესაც ძველი ოპოზიციისგან ვნახეთ ორკესტრირებული თავდაცვის რეაქცია. რაზე იმართლებდნენ თავს მე მაშინაც ვიკითხე და დღესაც ვკითხულობ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.