უმაღლეს სასწავლებელში 19 ოქტომბრიდან სწავლის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაციები, სადაც შესაძლებელია, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გაგრძელდეს. თუმცა, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, იქ სწავლა გაგრძელდება აუდიტორიებში.
"ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებელში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 რიცხვიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, რომ იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო მოთხოვნილებები ჩვენი მოქალაქეების, არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იყოს დაცული, ამიტომ განათლების სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალებები იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული სტანდარტი უსაფრთოხების, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებშიც,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.