საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. ოპოზიცია ისევ საუბრობს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ საქმის ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაზე.
"ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. აქ ძალიან კარგად ჩანს "ეფესბეს" ხელი. ძალიან კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის წამსვლელია ყველაფერზე. წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია, ფაქტიურად წამსვლელია, რომ ეკლესიაც ჩააბაროს რუსეთს, წამსვლელია იმაზე, რომ გააფუჭოს საშვილიშვილოდ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ აზერბაიჯანთან და რაც მთავარია, მზადაა ამისთვის მართლაც გაწიროს საშვილიშვილოდ, ის პროცესი რომ თეორიული შანსიც კი მოუსპოს საქართველოს, გარეჯის ერთიანი კომპლექსი ადრე თუ გვიან საზღვრებს ქვეშ მოექცეს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სწორედ ოპოზიციაა დაინტერესებული საქმემ პოლიტიკური ელფერი მიიღოს.
"მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის ირგვლივ კითხვის ნიშნები დღეს აღარ არსებობს. ყველაფერი არის ცხადი. უბრალოდ გაკვირვებული ვარ, რად უნდა გიღირდეს, რომ ეს სიცრუისა და აგრესიის მანქანა მუშაობდეს იმისთვის, რომ დავით გარეჯისა და ქართული მიწების გადაცემა, გაასაღოს როგორც სიქველე, ხოლო გარეჯის დაცვა და დაბრუნება მონათლოს ღალატად. დავით გარეჯი არ არის არცერთი ხელისუფლების საკუთრება. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, აქედან გამომდინარე ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.